ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს
ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს.
მისი თქმით, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება.
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ შემუშავებასა და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი დაიკარგება“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ ევროკომისიასა და ევროპის თავდაცვის სააგენტოს შეუძლია, მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს იარაღის ერთობლივ შეძენაში, კერძოდ, მარაგების შევსების კონტექსტში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გამო იწურება.