ჯოზეფ ბორელი - ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, საჭიროა ძალისხმევის ახალი დონე, გაძლიერებული პასუხისმგებლობა მთავრობის, ოპოზიციის, ყველას მხრიდან
ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა. ეს საჭიროებს ძალისხმევის ახალ დონეს, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის, ოპოზიციის, ყველას მხრიდან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
როგორც ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეფორმების პროგრესში ყველა უნდა იყოს ჩართული.
„ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით საქართველოსთან ჩვენი პირველი ასოცირების საბჭოს სხდომა. ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. საუბარი, რაც გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა. ეს საჭიროებს ძალისხმევის ახალ დონეს, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველას მხრიდან. ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროგრესში“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.