ჯოზეფ ბორელი - დმიტრო კულებასგან მივიღეთ ინფორმაცია რუსული ჯარების ქცევაზე და უკრაინის გმირულ წინააღმდეგობაზე, უნდა ჩავწვდეთ სიტუაციის სიმძიმეს
ჯოზეფ ბორელი - დმიტრო კულებასგან მივიღეთ ინფორმაცია რუსული ჯარების ქცევაზე და უკრაინის გმირულ წინააღმდეგობაზე, უნდა ჩავწვდეთ სიტუაციის სიმძიმეს

უნდა ჩავწვდეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის სიმძიმეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოუსმინეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.

„მივიღეთ ინფორმაცია რუსული ჯარების ქცევაზე და უკრაინის გმირულ წინააღმდეგობაზე, ძალებზე, რომლებსაც უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლებს ვეძახით. კულება ვიდეობმულით შემოგვიერთდა უკრაინიდან, სადაც ის საკუთარ ქვეყანას იცავს და ასახავს ადგილზე არსებულ მდგომარეობას, სადაც სამოქალაქო სამიზნეები დარტყმის ქვეშ მოხვდა, რაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აყენებს. ხაზს ვუსვამ ამას, რადგან უნდა ჩავწვდეთ სიტუაციის სიმძიმეს. მე საკმარისად ვერ ვისაუბრებ სიტუაციის სიმძიმეზე იმ დამოუკიდებელი ქვეყნის შესახებ, რომელსაც არ დაუმსახურებია ის, რომ მეორე ქვეყანა იქ შეიჭრას ძლიერი სამხედრო შესაძლებლობით, რომელსაც აქვს ატომური ბომბი და რომელიც იმუქრება, რომ მის წინააღმდეგ გამოიყენებს, ვინც ჩარევას გაბედავს. როგორც იცით, უკრაინის დაუყოვნებლივი მხარდაჭერის ნიშნად, ჩვენ სანქციების პაკეტი მივიღეთ, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გასულ ღამეს შეთანხმდა. თქვენ იცით, რომ ევროპული საბჭო ახორციელებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რათა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ევროპულმა საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცოს, რომ ეს ამოქმედდა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ბორელის თქმით, სანქციები დაუწესდა პუტინსა და ლავროვს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ჩვენ დღეს სიაში შევიყვანეთ პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. ეს არის დისკუსიის საბოლოო შედეგი, რომელიც გუშინ ევროპულ საბჭოში არ დასრულებულა და დღეს ელჩებმა და მინისტრებმა იმსჯელეს იმ ინტენსიურ დისკუსიებზე, რომლებსაც დღეს დილიდან ვაწარმოებდით. ასე რომ, პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი არიან სანქცირებული პირების სიაში, დუმას დანარჩენ წევრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას და ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად. თქვენ კარგად იცით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მსოფლიოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული მხოლოდ რამდენიმე ლიდერია – ასადი სირიიდან, ლუკაშენკო ბელარუსიდან და ახლა პუტინი რუსეთიდან. ჩვენი სამიზნე ასევე იქნებიან ბელარუსში ისინი, ვინც თანამშრომლობდა რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. ჩვენი სამიზნეა აგრეთვე ყველა, ვინც მნიშვნელოვან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რეჟიმს.

თქვენ იცით, რომ დღეს მივიღეთ შეზღუდვები ფინანსურ ვაჭრობაზე და ენერგეტიკულ სექტორზე, ასევე სავიზო პოლიტიკაზე. ნება მომეცით, ცოტა დაწვრილებით ვისაუბრო, თუმცა ვიცი, რომ ეს ყველამ იცით, რადგან საფუძვლიანად და დაწვრილებითაა გადმოცემული. პირველ რიგში, ჩვენ ვწყვეტთ რუსეთის წვდომას ყველაზე მნიშვნელოვან კაპიტალის ბაზრებზე. რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სუბიექტების აქციებთან დაკავშირებული მომსახურება იკრძალება და ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფინანსური ნაკადები რუსეთიდან ევროკავშირში. ეს სანქციები ეხება რუსეთის საბანკო სისტემის სამოცდაათ პროცენტს და ძირითად სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში. ისინი გაზრდის რუსეთის ხარჯებს, ფინანსური ხარჯების კი ნიშნავს ინფლაციის ზრდას და თანდართანობით რუსულ ინდუსტრიულ ბაზარზე ნაკლები უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოხდება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მიზანში რუსი ხალხი არ გვყავს. ბევრი მათგანი საუბრობდა უაზრო ომის წინააღმდეგ და მათ გამბედაობას მინდა, მივესალმო“, – განაცხადა ბორელმა.