ჯოზეფ ბორელი - დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი სამიტის შედეგი იქნება უკრაინის მეტი მხარდაჭერა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შედეგები იქნება უკრაინის მეტი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ბორელმა სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
დღევანდელ სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ბრიუსელში პარიზიდან საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად ჩავიდა.
„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ დებატებში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება უკრაინის მეტი მხარდაჭერა. მეტი იარაღი, მეტი სამხედრო, მეტი ფინანსური მხარდაჭერის მიწოდება, რომ უკრაინამ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის აგრესიისთვის“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სამიტზე განსახილველ თემებს შორის არის ასევე კოსოვო-სერბეთის საკითხი და მიგრაცია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას პირადად ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება.
„ეს არის ევროკავშირის განსაკუთრებული სამიტი. პირველად, მასში ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად მონაწილეობს. ჩვენ ერთიანები ვართ, როგორც არასდროს. ახლა საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაძლიერება უკრაინის მხარდასაჭერად, ერთი მხრივ, სამხედრო საშუალებებით, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური მხარდაჭერით. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ, თუ რა ინსტრუმენტების მობილიზება შეგვიძლია დამატებით მომავალ კვირებში და თვეებში“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამიტის დაწყების წინ.