ჯოზეფ ბორელი და ბრიჯიტ ბრინკი აცხადებენ, რომ რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებიც მზად არიან, გადაზიდონ უკრაინული მარცვლეული
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელისა და უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის თქმით, რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებიც მზად არიან, გადაზიდონ უკრაინული მარცვლეული.
„რუსეთი ისევ ახდენს შავ ზღვაში 50 ხომალდის ბლოკირებას, რომლებიც დატვირთულები არიან სასწრაფოდ აუცილებელი მარცვლეულით. ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს და გააგრძელებს უკრაინული ექსპორტის მხარდაჭერას „სოლიდარობის დერეფნებით“, რომლებითაც მსოფლიომ უკვე მიიღო 25 მილიარდი ტონა მარცვლეული“, – წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ანალოგიური განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა უკრაინაში აშშ-ის ელჩმაც. ბრიჯიტ ბრინკის თქმით, რუსეთმა მარცვლეულით დატვირთული ხომალდები ბოსფორის სრუტეში დაბლოკა და მათ არ შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა და უკრაინულ პორტებთან მიახლოება.
„რუსეთი შეთანხმების შესრულების ნაცვლად, უკრაინის ეკონომიკის მოგუდვას და სურსათის ნაკადრი შენელებას ცდილობს“, – წერს ამერიკელი დიპლომატი.
მანამდე, უკრაინის მთავრობაში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინული სურსათის ექსპორტს ბლოკავს და აიძულებს „მარცვლეულის შეთანხმების“ სხვა მონაწილეებს რიგის გარეშე შეამოწმონ მხოლოდ ის ხომალდები, რომლებიც მას სურს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხვალ თურქეთში ჩავა უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ კუბრიკოვი.