ჯოზეფ ბორელი - პუტინს ეგონა, მისი არმია უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა და მარიონეტულ მთავრობას დასვამდა, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ წავა
როდესაც ორი კვირის წინ გამთენიისას 05:00 საათზე ტელეფონმა დარეკა და კაბინეტის ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მათ დაბომბვა დაიწყეს, ვიგრძენი, რომ ისტორიის ფურცელი გადაიშალა და ჩვენ შევდივართ ისტორიის ახალ ეპოქაში. გარემოებაში, სადაც ჩვენ, ევროპელებს უნდა შეგვეძლოს, გავუმკლავდეთ გამოწვევას, რომელსაც რუსეთი გვიქმნის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობის მისაღწევად მრავალი მხარის თანხმობაა საჭირო, თუმცა ომის საწარმოებლად მხოლოდ ერთიც კმარა.
„ზოგადად რომ შევაფასო ის, რაც ისტორიის ამ ახალ ერაში ხდება. ფაქტი, რომ ჩვენ, ევროპელებს არ მოგვწონს ომი, იმის საშუალებას არ გვაძლევს არ ვიფიქროთ ომზე. ჩვენ ვაწარმოებდით ომს ერთმანეთში, რამაც მწარე გამოცდილება დაგვიტოვა. ახლა არ გვინდა ომი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხსაც არ უნდა. მშვიდობის მისაღწევად მრავალი მხარის თანხმობა გჭირდება, თუმცა ომის საწარმოებლად მხოლოდ ერთიც კმარა. ახლა ჩვენს წინაშეა ომი, რადგან პუტინს გააჩნია ისტორიის სრულიად განსხვავებული ხედვა ჩვენგან. სწორედ ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ცდება“, – განაცხადა ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, პუტინს ეგონა, რომ უკრაინა არის სუსტი, მაგრამ მას მტკიცე და წინააღმდეგობის გაწევისუნარიანი ქვეყანა დახვდა.
ბორელის თქმით, სავაჭრო ურთიერთობები კარგი საშუალებაა მშვიდობიანი სამყაროს ასაშენებლად, თუმცა ის საკმარისი არაა, როდესაც ისეთი ადამიანის წინაშე აღმოჩნდები, რომელიც არ იზიარებს თავისუფალი დემოკრატიის ღირებულებებს.
„მას ეგონა, რომ ევროპა ზედმეტად სუსტი, დაყოფილი და დამოკიდებულია მის გაზზე, რომ ეჩვენებინა ერთიანი ფრონტი. ის ფიქრობდა, რომ აშშ იმდენად არის შეშფოთებული ჩინეთით, რომ არ დაინტერესდებოდა, რა ხდება ევროპაში. მას ეგონა, რომ აშშ და ევროპა ისე არ გავერთიანდებოდით, როგორც შევძელით. მას ეგონა, რომ მისი არმია უკრაინას რამდენიმე დღეში აიღებდა, კიევს დაიკავებდა და მარიონეტულ მთავრობას დასვამდა, თუმცა ეს ყველაფერი ასე არ წავა. ეს ომი გაგრძელდება და მოგვიწევს შედეგებთან გამკლავება. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებაზე. სავაჭრო ურთიერთობები კარგი საშუალებაა მშვიდობიანი სამყაროს ასაშენებლად, თუმცა ის საკმარისი არაა, როდესაც ისეთი ადამიანის წინაშე აღმოჩნდები, რომელიც არ იზიარებს თავისუფალი დემოკრატიის ღირებულებებს. პუტინს ეგონა, რომ ჩვენი ენერგოკავშირები რუსეთთან პარალიზებას გვიწევდა. მართალია, ჩვენ განვიცდით გავლენას ენერგო კავშირებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საჭიროა იმ ნაკადის შეჩერება, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს, ომის დასაფინანსებლად.
„როდესაც საქმე ეხება ნავთობსა და გაზს ჩვენ ვიხდით იმ ოდენობას, რა ოდენობის რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი აქტივებიც იქნა გაყინული. ჩვენ დავბლოკეთ ეს რეზერვები, თუმცა არ შეგვიწყვეტია ნაკადი. ცხადია, ეს რეზერვები არის ამ ნაკადების დაგროვება. მან გვერდით გადადო გარკვეული ვალუტის რეზერვები, დოლარი და ევრო, რათა ისინი მაგალითად, ჩინურ ვალუტაში ჩაედო. ეს ვალუტა ჩვენი კონტროლის მიღმაა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ჭიპლარის გადაჭრა, რომელიც გვაკავშირებს რუსეთის ეკონომიკასთან. ჩვენ გვჭირდება ამ ნაკადის შეჩერება, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, რითაც ისინი იღებენ აქტივებს ამ ომის დასაფინანსებლად. ამის გაკეთება შეგვიძლია მაკროპოლიტიკურ დონეზე, როგორც ეს ევროკომისიამ გააკეთა გუშინ, ახალი დირექტივით, რომლითაც წლის ბოლოსთვის რუსეთის ენერგორესურსებზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას ორი-მესამედით შევძლებთ. ეს რთული მიზანია, თუმცა მიღწევადი. ეს მოითხოვს მაკროეკონომიკურ, ტექნიკურ ზომებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპის მოქალაქეებმა უნდა დაუწიონ გათბობას სახლებში. ყველამ უნდა გაიღოს ინდივიდუალური ძალისხმევა, როდესაც საუბარია გაზის გამოყენების შემცირებაზე“, – განაცხადა ბორელმა.