ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უკრაინის მეგობრები ვართ, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლაში, მაგრამ არ ვართ რუსი ხალხის წინააღმდეგ, ეს პუტინის ომია და მხოლოდ პუტინს შეუძლია, დაასრულოს
ჩვენ უკრაინის მეგობრები ვართ, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ რუსი ხალხის წინააღმდეგ. ეს პუტინის ომია და მხოლოდ პუტინს შეუძლია, დაასრულოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა დაუშვას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.
ამასთან, როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და კიდევ უფრო მეტი იქნება.
„რუსი სამხედროები ბომბავენ სკოლებს, საავადმყოფოებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩანს რომ, მათ უკრაინის განადგურება სურთ. უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და კიდევ უფრო მეტი იქნება. წითელი ჯვარი ვერ ახერხებს უკრაინაში მუშაობას. ჩვენ გვჭირდება „მწვანე კორიდორები“, რომ წითელმა ჯვარმა შეძლოს უკრაინელების დახმარება. მოსახლეობას, ქალებს, ბავშვებს სჭირდებათ საკვები, ძირითადი საგნები. პუტინმა უნდა დაუშვას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა. ევროკავშირი მოწოდებულია, უზრუნველყოს წვდომა ყველასთვის, რომელიც ომს გაურბის. ასობით ათასი უკრაინელი უკვე ევროკავშირშია. ევროკავშირის წევრებმა მიმართეს ევროკომისიას, რომ მოხდეს რესურსების მობილიზება მოსაზღვრე ქვეყნების დასახმარებლად. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ატომურ სადგურზე თავდასხმა, რამაც შესაძლოა, კატასტროფა გამოიწვიოს, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა ევროპისთვის. რუსეთის არმიამ პატივი უნდა სცეს საგანგებო უსაფრთხოების ზონებს ბირთვულ ობიექტებზე.
ეს არ არის ომი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის. ეს არ არის გადაკეთებული „ცივი ომი“. ჩვენ ვიცავთ ერების სუვერენიტეტს, ყველა ერის სუვერენიტეტს, ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღმოსავლეთში, დასავლეთში, ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში. ეს არ არის ორი ნახევარსფეროს ბრძოლა. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს, საზღვრების ურღვევობას, რომელიც ღირებულია მსოფლიოში ყველასთვის. ჩვენ არ ვართ რუსი ხალხის მტრები, ჩვენ უკრაინის მეგობრები ვართ, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ რუსი ხალხის წინააღმდეგ. ეს პუტინის ომია და მხოლოდ პუტინს შეუძლია, დაასრულოს“, – განაცხადა ბორელმა.