ჯოზეფ ბორელი - ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში, ის არ უნდა დადგეს აგრესორის მხარეს
ჯოზეფ ბორელი - ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში, ის არ უნდა დადგეს აგრესორის მხარეს

ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიან მშვიდობაში. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას და პუტინის განზრახვა, რომ ბირთვული იარაღი განათავსოს ბელარუსის ტერიტორიაზე, არის ომის ესკალაცია, რაც საფრთხეს წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„ირონიულია, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტი სტუმრობდა მოსკოვს, სადაც მან ისაუბრა მშვიდობის აუცილებლობაზე, პუტინი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის საზღვარგარეთ განთავსება დაუშვებელია. რამდენიმე დღეში კი რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს აგზავნის ბელარუსში“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მათ განიხილეს ჩინეთის როლი და პეკინის მხარდაჭერა რუსეთისადმი მაშინ, როდესაც მოსკოვი გაერო-ს ქარტიას უხეშად არღვევს.

„არსებობს მკაფიო მოლოდინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრისგან, რომ ის მტკიცედ დადგეს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის სადარაჯოზე. ჩინეთს აქვს მორალური ვალდებულება, წვლილი შეიტანოს სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში. ის არ უნდა დადგეს აგრესორის მხარეს და მხარი დაუჭიროს სამხედრო აგრესიას. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩინეთისადმი“, – აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ანალოგიური გზავნილს დღეს პეკინში ვიზიტისას გააკეთებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ჩინეთში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად ჩავა. ბორელის თქმით, მომდევნო კვირაში პეკინში ჩასვლას თავადაც გეგმავს.

აღნიშნული ვიზიტების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ჩინეთის პრეზიდენტი მარტის ბოლოს მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სი ძინპინმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პეკინის მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც მიმართულია უკრაინაში ომის დასრულებისკენ.