ჯოზეფ ბორელი - ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის მასპინძლობა ნიშნავს საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ბელარუსს შეუძლია, ეს შეაჩეროს, ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით
რუსული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში, ევროკავშირი ბელარუსს დამატებითი სანქციებით ემუქრება. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ევროპის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს შექმნის.
„ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის მასპინძლობა ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია, ეს შეაჩეროს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.