ჯოზეფ ბორელი - ბელარუსის ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ზოგიერთი წევრის სამიზნეში ამოღება ჩვენს ერთიანობას ვერ შეასუსტებს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ პოლონეთისა და ლიეტუვას დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების გადაწყვეტილება დიალოგის ლოგიკას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ბორელმა მიკრობლოგ, „ტვიტერზე“ დაწერა.
„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ევროკავშირის ზოგიერთი წევრის სამიზნეში ამოღება ჩვენს ერთიანობას ვერ შეასუსტებს. პოლონეთისა და ლიეტუვისგან ელჩების გაწვევის და დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების მოთხოვნა უსაფუძვლო და სამწუხაროა, დიალოგის ლოგიკას ეწინააღმდეგება“, – წერს ბორელი.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიეტუვისა და პოლონეთის საელჩოებში დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირება აუცილებლად უნდა მოხდეს.