ჯოზეფ ბორელი - არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს
არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა, საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირში, ნატო-ში. იმ ფაქტის წინაშე თუ დავდგებით, რომ უარს მივიღებთ, როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ გააჩენს მოსახლეობაში სკეპტიციზმს?“
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, მათ არავინ მიატოვებს.
„არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. გამოცდაზე პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ყველაფერი გვესმის, ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომაა, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და ამისთვის არის დროც, გააკეთეთ. ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.