ჯოზეფ ბორელი - არ ვგეგმავთ, შევჩერდეთ რუსეთზე სანქციების დაწესების საკითხში, ენერგორესურსების მარაგების შევსების კუთხით რისკი არსებობს, თუმცა იგეგმება ნაბიჯების გადადგმა, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება. საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელების განხილვის მთავარი საკითხი იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ეფექტურობა და ახალი პაკეტის განხილვა.
მინისტერიალში ონლაინ ფორმატით მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
„განვიხილავთ ახალ პაკეტს და უკვე არსებული სანქციების აღსრულების გაუმჯობესების საკითხებს. ევროკომისიას წარვუდგინე ახალი წინადადებები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რუსული ოქროს აკრძალვა, რათა დავრწმუნდეთ, რომ სანქციები ეფექტურად მოქმედებს. მიმდინარეობს დიდი დებატები, როგორ მოქმედებს სანქციები, ახდენს თუ არა სანქციები გავლენას უფრო მეტად ჩვენზე, ვიდრე რუსეთზე. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ამბობს, რომ სანქციები იყო შეცდომა. ეს არ იყო შეცდომა, ეს უნდა გაგვეკეთებინა და გავაგრძელებთ ამის კეთებას. ზოგიერთი ამბობს, რომ ნავთობზე სანქციების დაწესების გამო, ფასებმა მოიმატა, მაგრამ შეხედეთ მონაცემებს, ის იკლებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ დაურთონ ციფრები ნებისმიერ არგუმენტს, შეხედეთ მონაცემებს, ნავთობის ფასი არის იგივე, როგორიც იყო ომის დასაწყისამდე. ამიტომ როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ნავთობის აკრძალვამ გაზარდა მისი ფასი, არ აქვთ თვალები? არ უყურებენ მონაცემებს? არ ეცნობიან ციფრებს ან ფაქტებს? მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, სად ვიმყოფებით, რას ვაკეთებთ და რა არის იმის შედეგები, რასაც ვაკეთებთ. რუსეთი აგრძელებს უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვას, წვავენ მას და აგრძელებენ ომს, დისკრიმინაციულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, განვიხილავთ სამხედრო დახმარების გაზრდას. ჩვენ არ ვგეგმავთ, შევჩერდეთ უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენისა და რუსეთზე სანქციების დაწესების საკითხში. რა თქმა უნდა, არსებობს ენერგორესურსების მარაგების შევსების რისკი და ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო გეგმავენ, გადაგან ნაბიჯები, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის“, – განაცხადა საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მინისტერიალის დაწყების წინ.
სანქციების მოქმედებასთან დაკავშირებით ბორელმა ასევე აღნიშნა: „შეხედეთ რუსეთის ეკონომიკის მონაცემებს, შეხედეთ წარმოების მონაცემებს, რამდენი მანქანის, რამდენი ძრავის წარმოება შეძლო რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ? შეხედეთ მონაცემებს. რუსეთის ეკონომიკა დიდ ფასს იხდის“.