ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კიევში უახლოეს კვირებში გაიმართება
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კიევში უახლოეს კვირებში გაიმართება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კიევში გაიმართება. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, მინისტრთა შეხვედრის ერთ-ერთი პუნქტია მომავალი უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის წინაშე რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის კონტექსტში.

„წარვადგინე რამდენიმე წინადადება, რომელთა განხილვასაც მინისტრები გააგრძელებენ, ასევე იმ შეხვედრის მომზადებისთვის, რომელიც გაიმართება კიევში უახლოეს კვირებში“, – აღნიშნა ბორელმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ემზადება წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში შეხვედრისთვის. შეხვედრის მიზანი, სააგენტოს წყაროების თანახმად, არის „პოლიტიკური ინტეგრაციის“ გზის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის კრიტიკულ ეტაპზე. ბრიუსელს ასევე სურს, შეაფასოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორებიცაა სამხედრო დახმარების გაზრდა და სანქციების შემდგომი გამკაცრება, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ მათი გვერდის ავლა მაღალტექნოლოგიურ სექტორში.