ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის „მშვიდობის ევროპული ფონდის“ დამატებით ორი მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდა
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის „მშვიდობის ევროპული ფონდის“ დამატებით ორი მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდა

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის „მშვიდობის ევროპული ფონდის“ დამატებით ორი მილიარდი ევროთი გაზრდაზე შეთანხმდა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ეს არის ინსტრუმენტი უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად და ასევე ჩვენი თავდაცვითი პოლიტიკისთვის, რადგან ეს ფონდი ეხება არა მხოლოდ უკრაინას“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის საბჭო ასევე შეთანხმდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფონდი დამატებით 3,5 მილიარდი ევროთი გაიზრდება.

ევროკავშირის საბჭო ასევე შეთანხმდა ირანისთვის სანქციების მორიგი პაკეტის დამტკიცებაზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და ასევე რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების მიწოდებისთვის.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი, თუმცა, როგორც ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ჯერ მუშაობის გაგრძელებაა საჭირო.

„შეთანხმება არ იყო მიღწეული მინისტრებს შორის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ის მიღწეული იქნება მიმდინარე კვირას და ჩვენ შევძლებთ სანქციების ახალი, მკაცრი პაკეტის დამტკიცებას“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების დაწესების შესახებ. საუბარია 200-მდე ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე. სანქციები შეეხება რუსეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, სასამართლოს წარმომადგენლებს, უკრაინული მარცვლეულის მოპარვასა და უკრაინელების, კერძოდ კი, ბავშვების იძულებით დეპორტირებაზე პასუხისმგებელ პირებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ სანქციები მუშაობს. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთში იარაღის წარმოება შეფერხდა. ჩვენი სანქციების დანიშნულება, რომ პუტინმა ვერ შეძლოს უკრაინაში თავისი მიზნების მიღწევა. რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი მორალურად და პოლიტიკურად. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სომხეთში სადამკვირვებლო მისიის საკითხი, რომელიც 19 დეკემბერს ასრულებს თავის საქმიანობას. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ვადის ამოწურვასთან ერთად, მისია დატოვებს სომხეთს. ამასთან, ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა, გააგზანოს სომხეთში ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ევროკავშირის სამომავლო ჩართულობის შესაძლებლობას.