ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების გადაწყვეტილებას
ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს უკიდურესად საშიშ ესკალაციამდე“, – აღნიშნავს ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომელიც რუსეთს ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე ეკისრება და რომლის მიხედვითაც, ბელარუსმა ყველა ბირთვული იარაღის ლიკვიდირება მოახდინა საკუთარი ტერიტორიიდან. ამასთან, ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფოს ლიდერის 2022 წლის 3 იანვრის ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ბირთვულს ომს გამარჯვებული არ ეყოლება და არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული.
ბორელის თქმით, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თანამონაწილეა.
„მოვუწოდებთ ბელორუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ და შეცვალოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ, მხოლოდ გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში და ძირი გამოუთხარონ ბელორუსის სუვერენიტეტს. სიტუაციის შემდგომი ესკალაციის ნებისმიერ მცდელობას გადამწყვეტი და კოორდინირებული პასუხი მოჰყვება“, – წერია განცხადებაში.