ჯოზეფ ბორელი - 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა
2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირად ბლოგში წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ, გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა, გაეყო ევროკავშირი.
ბორელის განცხადებით, არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის მიწოდების შეზღუდვით, რუსეთმა ევროკავშირის შანტაჟი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კი შანტაჟი გაძლიერდა და ამან ევროკავშირს უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა.
„განსაკუთრებით საინტერესოა იმის აღნიშვნა, რამდენად სწრაფად რეაგირებდა გერმანია. რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის დასაწყისში მთლიანი რაოდენობის 55 პროცენტიდან ნულამდე შემცირდა. ნავთობის იმპორტი – 40 პროცენტიდან ნულამდე. ეს არის გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, რომელიც დიდწილად ენერგეტიკულ საკითხზე იყო დამოკიდებული“, – წერს ბორელი.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, 2023 წელს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ენერგეტიკის, კლიმატის კრიზისი და მათი ეკონომიკური და სოციალური შედეგები დარჩება საკვანძო საკითხებად ევროკავშირისა და მსოფლიოსთვის.
„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას ჩვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის დაჩქარებით. ეს ასევე მოითხოვს ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისთვის და ყველაზე დაუცველი ქვეყნების დახმარებას ამ ახალი გეოპოლიტიკური გარემოს შედეგების წინაშე“, – წერს ჟოზეფ ბორელი.