ჯოზეფ ბორელი - შევთანხმდით, რომ 15 ათასი უკრაინელი სამხედრო ევროკავშირის ტერიტორიაზე მომზადებას გაივლის
ჯოზეფ ბორელი - შევთანხმდით, რომ 15 ათასი უკრაინელი სამხედრო ევროკავშირის ტერიტორიაზე მომზადებას გაივლის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად სამხედრო დახმარების მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. მისიის ფარგლებში, ევროკავშირის ტერიტორიაზე მომზადებას გაივლის 15 ათასი უკრაინელი სამხედრო. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ევროპული საბჭოს განცხადებით, მისია უზრუნველყოფს უკრაინელი ჯარისკაცების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას. მისიის შტაბ-ბინა ბრიუსელში განთავსდება.

მისიის მეთაური ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალური დირექტორი ერვე ბლეჟანი იქნება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, აზრები გაგვეცვალა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან, რომელმაც ჩვენს კონფერენციას თავშესაფრიდან მიმართა. ვფიქრობ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი გვესაუბრებოდა თავშესაფრიდან მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობდა დარტყმებს კიევზე. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, უკრაინის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. პუტინი მარცხდება პოლიტიკურად, მორალურად, ამის მიუხედავად ის განაგრძობს ესკალაციას, მათ შორის მთელი უკრაინის ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებზე იერიშით. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით. მომზადება ჩატარდება ევროპულ მიწაზე. მისიის ფარგლებში მომზადებას გაივლის 15 ათასამდე სამხედრო. ასევე, შევთანხმდით დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე უკრაინის თავდაცვითი ძალებისთვის იარაღის მიწოდების გასაგრძელებლად“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.