ჯოზეფ ბორელი - პუტინის ქმედებები ეწინააღმდეგება გაერო-სა და ადამიანის უფლებების საბჭოს პრინციპებს, მან უნდა აგოს პასუხი და აგებს კიდეც
პუტინის ქმედებები ეწინააღმდეგება გაერო-სა და ადამიანის უფლებების საბჭოს პრინციპებს, მან უნდა აგოს პასუხი და აგებს კიდეც, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე.
ბორელის თქმით, რუსეთი თავს ესხმის არამხოლოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან უკრაინას, არამედ გლობალურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
„ეს არის აღმაშფოთებელი თავდასხმა საერთაშორისო სამართალზე. ეს არის ჰუმანიტარული თანაცხოვრების მთავარი პრინციპების დარღვევა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მის ძალისხმევას დაიცვას საკუთარი ტერიტორია და ხალხი. უკრაინელი მამაკაცების და ქალების სიმამაცე შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის. ვუერთდებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ შეწყვიტოს აგრესია. შეშფოთებული ვართ სამოქალაქო პირების მსხვერპლით. როდესაც ფოკუსირებული ვართ უკრაინის ომზე, არ შეგვიძლია, დავივიწყოთ სხვა სიტუაციები, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვევა.
პირველი ბელარუსი, სადაც ათასზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, რადგან გაბედეს მშვიდობიანი პროტესტი. თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება რეპრესირებულია. ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინაში რუსეთის აგრესიის თანამონაწილეა და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. ავღანეთში გოგონებს სკოლებში წასვლა აქვთ აკრძალული. უფლებადამცველები, ჟურნალისტები და უმცირესობები იმალებიან და ან ქვეყნიდან გარბიან. მიანმარში სამხედროები დემოკრატიული არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, შეცვალოს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპები. რუსეთი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ქვეყნები არიან სუვერენულები და არა ხალხი. თუ ეს რევიზიონისტული კამპანია წარმატებული იქნება, ჩვენ საერთაშორისო წესრიგის უკუსვლას გავრისკავთ, სადაც ძალა იქნება მართალი.
საქმე ადამიანების ღირსებასთან გვაქვს, რომელიც არც ერთ ქვეყანას და სისტემას არ ეკუთვნის. ადამიანის უფლებები არის უნივერსალური და განუყოფელი. ევროკავშირი არ მიიღებს ფუნდამენტური თავისუფლებების ძირის გამოთხრის ნებისმიერ მცდელობას. პრეზიდენტ პუტინის და მისი მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც გაერო და ადამიანის უფლებების საბჭო ეყრდნობა. მათ პასუხი უნდა აგონ და აგებენ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.