ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად, ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა.
როგორც ჯორჯიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა, შტატის ისტორიაში პირველმა აუდიტმა გამარჯვებულის ვინაობა დაადასტურა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. შედეგად, ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ხოლო ბაიდენმა – 2 475 141.
თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა აძლევს საშუალებას ტრამპის იურისტებს, კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვლა, თუმცა ამჯერად სკანერების გამოყენებით.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად, ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა. 6 ნოემბერს კი, მას ბაიდენმა აჯობა.
ამერიკულმა მედიამ არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დაასახელა. დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს და არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.