ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინებები „რუსული წარმოშობის“ იყო
ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, საარჩევნო უბნების დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინებები „რუსული წარმოშობის“ იყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ჩვენ მოვისმინეთ მუქარები, რომლებიც რუსული წარმოშობის იყო. საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვამოწმებთ მსგავს ინფორმაციას და პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხებს“, – განაცხადა ბრედ რაფენსპერგერმა.
სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია, როგორ დაადგინეს, რომ მუქარები რუსეთიდან მოდიოდა.
„ისინი აშკარად ცდილობენ პრობლემების შექმნას და არ სურთ, რომ არჩევნები მშვიდობიანად, სამართლიანად და სიზუსტით ჩატარდეს. ყველაფერი, რამაც შეიძლება, დაპირისპირება გამოიწვიოს ჩვენ შორის, მათთვის გამარჯვებად ითვლება“, – განაცხადა რაფენსპერგერმა.
„სიენენის“ ცნობით, საარჩევნო უბნების დანაღმვის შესახებ ცრუ მუქარების გამო ატლანტის მახლობლად მდებარე ქალაქში ხმის მიცემა დღეს დროებით შეწყდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროში, თუმცა არ მიუთითეს მუქარის წყარო.
„არჩევნების უსაფრთხოება და ჩვენი საზოგადოების დაცვა უმაღლესი პრიორიტეტია. ფედერალური საგამოძიებო ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და შტატის სამართალდამცავ ორგანოებთან“, – ნათქვამია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.