ჯორჯიის შტატის პროკურატურამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ჯორჯიის შტატის პროკურატურამ აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სატელეფონო საუბარს, დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის, რომლის დროსაც ტრამპმა ბრედ რაფენსპერგერს მისი გამარჯვებისთვის საჭირო 11 780 ბიულეტენის მოძიება ან ხმების გადათვლა მოსთხოვა.
აღნიშნული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 3 იანვარს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა. როგორც აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, დონალდ ტრამპმა ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანსა და მის იურიდიულ მრჩეველს, რაიან ჯერმანის შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.
„ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს შემდეგია: მინდა, 11 780 ბიულეტენი ვიპოვო, ვინაიდან შტატში გავიმარჯვეთ“, – აცხადებს ტრამპი სატელეფონო საუბარში.