„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ, Aqualia-მ 2023 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა ახალი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრების გახსნით დაიწყო.კომპანიის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ავარიებზე რეაგირების დროისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იყო.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიაში ევროპული სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვით Aqualia-მ შეძლო:
მულტიფუნქციური ბრიგადების ჩართულობით ოპერატიულობის გაზრდა, გარდამავალი ინციდენტების რაოდენობის – 14-ჯერ, ხოლო წყალმომარაგების ქსელის დაზიანებებზე რეაგირების დროის ორჯერ შემცირება; სადიაგნოსტიკო ჯგუფების მუშაობით წყალმომარაგების ქსელზე 900-მდე ფარული დაზიანების აღმოჩენა და ქსელზე პრევენციული აღდგენა, რამაც, ჯამში, წყალმომარაგების 400-მდე შეზღუდვა აარიდა თბილისისა და რუსთავის მოსახლეობას; კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 90 კილომეტრამდე წყალსადენისა და წყალარინების ქსელის განახლება და, ჯამში, 96 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 160 სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება; ქსელზე 1,173 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის დამონტაჟება და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების საშუალოდ 8%-ით შემცირება.
„ჩვენ მიერ ჩატარებული სისტემური აუდიტის შემდეგ მყისიერად დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა გაგვეუმჯობესებინა ის კრიტიკული მაჩვენებლები, რაც საოპერაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით გამოიკვეთა. შესაბამისად, შევიმუშავეთ ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი ამოცანაც ქართულ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტის დანერგვა იყო. უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს – ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს თითოეული ნაბიჯი ემსახურება. ეს არის ერთგვარი ანგარიში ჩვენი მხრიდან, იმისთვის, რომ საზოგადოებამ და ყველა დაინტერესებულმა მხარემ მუდმივად იცოდეს, რა პროცესი მიმდინარეობს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ამ ეტაპზე კომპანიის გუნდი აქტიურად იმუშავებს საოპერაციო მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სამომხმარებლო სერვისების მოდერნიზაციასა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციაზე. კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში წყალმომარაგების სფეროში უპრეცენდენტო – 363 მილიონლარიან ინვესტიციას განახორციელებს.