„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას წყლის მიწოდება დღეს აღუდგება
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას წყლის მიწოდება დღეს, 14:00-დან აღუდგება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გზის საფარი დაზიანდა, ამ ეტაპზე წყალი ამოტუმბულია და დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.
რაც შეეხება წყალმომარაგების ქსელის დაზიანების გამომწვევ მიზეზს, ალფაიძის განცხადებით, პრობლემა სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, მიწის გარკვეული მასის ჩამოშლამ წარმოქმნა.
„შვიდ მეტრამდე სიღრმეზე მიმდინარეობდა სამუშაოები. იმის გამო, რომ გრუნტი არის არასტაბილური, მიწის გარკვეული მასა მოწყდა, რომელიც ზემოდან დაეცა წყალმომარაგების მილს და ამან გამოიწვია დაზიანება. მიწის სიღრმეში წყალმომარაგების მილიც გადის, სხვადასხვა საკომუნიკაციო მილიც გადის და უშუალოდ მიწის მასა, რომელიც მოწყდა, მოთავსებული იყო წყალმომარაგების მილის თავზე. შესაბამისად, ამან დაწოლა გამოიწვია წყალმომარაგების მილზე და მოხდა მისი დაზიანება. ჩვენ მოვახდინეთ წყლის ამოტუმბვა, დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება სარდაფებში წყლის შესვლას ან რაიმე ტიპის ზარალის მიყენებას მოსახლეობისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ყოველთვის სრულად ვანაზღაურებთ ზარალს. დღეს, 14:00 საათამდე გვაქვს გამოცხადებული წყალმომარაგების წყვეტა და ამ დროისთვის უკვე აღდგენილი იქნება წყალმომარაგება სრულად“, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.
რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას, გამოიკვეთოს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი, ალფაიძე ამბობს, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ იქნება შესაბამისი რეაგირება.
„მოვახდენთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას და კონკრეტულად ამ საკითხზეც გვექნება გარკვეული რეაგირება. ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ როგორც კი მოხდება საკითხის გაანალიზება, აუცილებლად მოგახსენებთ“, – განაცხადა ალფაიძემ.
მისივე ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია.