„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგებისთვის წავკისში სტრატეგიული ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგებისთვის წავკისში სტრატეგიული ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგებისთვის წავკისში სტრატეგიული ობიექტის რეაბილიტაცია ხორციელდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე ზედა ზონების წყალმომარაგებისთვის სტრატეგიული ობიექტის, წავკისის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლის, ოთარ დათუნაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანი აბონენტების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა.

„თბილისის ზედა ზონები საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა სასმელ წყალზეც. პროექტის მიზანი სწორედ არსებული აბონენტების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფა და ახალი აბონენტების დამატების შესაძლებლობაა წავკისის, კიკეთის, კოჯორის, კვესეთის, ბეთანიისა და მიმდებარე დასახლებებისთვის“, – განაცხადა ოთარ დათუნაშვილმა.

კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში წავკისის სატუმბო სადგურზე უკვე მოეწყო ოთხი მაღალი სიმძლავრის თანამედროვე ენერგოეფექტური ტუმბო-აგრეგატი და წყალსადენის გამანაწილებელი კამერების რეკონსტრუქცია, სატუმბო სადგურის ელექტროტექნიკური სისტემების განახლება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, არსებული სატუმბო სადგურის განახლების შედეგად წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თბილისის ზედა ზონებში, კერძოდ: წავკისის, კიკეთის, კოჯორის, კვესეთის, ბეთანიისა და მიმდებარე დასახლებებში.

„წავკისში მდებარე სატუმბო სადგურის სარეაბილიტაციო პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1 030 000-მდე ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოები ივნისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება“, – აცხადებენ კომპანიაში.