აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგათ, -ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოციალურ ქსელში წერს.
„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგათ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები და ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები, ასევე თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა.