„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - წიწამურთან წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულება ოთხ დღეშია დაგეგმილი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - წიწამურთან წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულება ოთხ დღეშია დაგეგმილი

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით, რათა იდენტიფიცირდეს სხვა დაზიანებული მონაკვეთების ზუსტი კოორდინატები და დაზიანების ხარისხი. სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყრული ზონაა, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების სამუშაოები საკმაოდ რთულია და მუდმივად საჭიროებს დამატებით უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

ქსელის დიაგონისტირების დასრულებისა და შესაბამისი დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლებისთანავე დაიწყება მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები.

მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება ოთხ დღეშია დაგეგმილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.