„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს, სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„ჯივიპის“ ცნობით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე უკვე განახლდა 5.2 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 80 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 15 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში 15.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელს სრულად აახლებს, რაშიც კომპანია 21 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.
განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები პირველი ეტაპის ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 15 ივნისს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად 14 მონაკვეთზე იმუშავებენ.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივნისის დილის 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წერეთლის გამზირს, სურამის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, დიდუბის დასახლების, ვანის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ჩალაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, კერესელიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს; მარშალ გელოვანის, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების ნაწილს; დიღმის მასივის I და II კვარტლის, ბაქრაძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ერისთავის ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აღნიშნულია „ჯივიპის“ ინფორმაციაში.