„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, გაფიცულ მაღაროელებთან მოლაპარაკებები გააგრძელოს
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებები გააგრძელოს და მასში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ბიზნესომბუდსმენი და სახალხო დამცველი ჩაერთოს.
როგორც საქართველოს პირველ არხს კომპანიის წარმომადგენელმა, მერაბ ლომინაძემ განუცხადა, შეთანხმება მიღწევადია გაფიცულების ყველა მოთხოვნაზე, თუმცა მისი თქმით, 50% ხელფასის მომატება არარეალურია.
კომპანია არ ცვლის პირობას, რომ ეტაპობრივად თანამშრომლებს ხელფასი 25 %-ით მოემატოთ.
„მოვიხმობ ჩვენს მაღაროელებს, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდაზე და გამოვიდეთ ჩიხური მდგომარეობიდან. ულტიმატუმი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის დიალოგი“, – განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.
მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება, მით უფრო გართულდება პრობლემების გადაჭრა.
ჭიათურაში უკვე მეცხრე დღეა მაღაროელების პროტესტი გრძელდება.