„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი - ბარსელონა-თბილისის გაუქმებული რეისის არც ერთი მგზავრი უყურადღებოდ არ დარჩება
ბარსელონა-თბილისის გაუქმებული რეისის არც ერთი მგზავრი არ დარჩება უყურადღებოდ, – ამის შესახებ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა.
როგორც ბოკერია აცხადებს, ბარსელონაში არსებული ვითარების გამო, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ბარსელონადან რეისი არ შესრულებულიყო.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ფუნქციონირების ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მგზავრების უსაფრთხოებაა. თუ არის 0.1% შანსი საშიშროება მგზავრთა უსაფრთხო ფრენის, ჩვენ რეისს არ ვახორციელებთ. გასული ერთი კვირის განმავლობაში ბარსელონაში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესები – საპროტესტო აქციები და არეულობა, ოფისების დარბევა. საერთო ჯამში, ამ არეულობის გამო გადაიდო ასზე მეტი რეისი და ჩვენც გუშინ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ არის საშიშროება, აეროპორტს დაემუქრნენ, რომ აიღებდნენ და შევიდოდნენ. ასევე იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა დრონები გაეშვათ სეპარატისტებს და ამ დრონების მეშვეობით დაებლოკათ სხვადასხვა რეისების ჩაფრენა. ჩვენი მენეჯმენტის მიერ აწონილ იქნა რისკის ყველა ეს ფაქტორი და გადაწყდა, რომ ჯობია ფინანსური ზარალი მიგვეღო, ვიდრე 0.1% იყოს უსაფრთხოების. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეისი არ განხორციელებულიყო“,- განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, მოქალაქეების ნაწილმა მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი აირჩია. „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მგზავრებს ხარჯები აუნაზღაურდებათ.
„ჩვენ უზრუნველვყავით ყველა იმ მგზავრის ჩამოყვანა თბილისში, რომელთაც დღეს აირჩიეს დაბრუნება და ჩვენი წარმომადგენელი ბარსელონაში ხელმძღავანელობდა ამ პროცესს, ყველა მგზავრს შეხვდა და მათ დაეხმარა, რომ შემოვლითი გზით ჩამოსულიყვნენ. ზოგმა აირჩია კიევი, ზოგმა აირჩია ვენა, სტამბოლით ჩამოსვლა… ჩვენ გვესმის მგზავრების გაღიზიანება, ბოდიშს ვუხდით ყველა მგზავრს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათი ფინანსური ხარჯების ანაზღაურებას. 40 მგზავრიდან 2 საათის წინ დარჩა სადღაც 5 მგზავრი რომელთანაც მიმდინარეობდა მუშაობა, ზოგმა მგზავრმა გადაწყვიტა დარჩენილიყო ბარსელონაში და ჩვენ შემდგომ რეისით, 23 ოქტომბერს ჩამოვლენ. ის მგზავრები, რომელთაც დღეს ჩამოსვლა გადაწყვიტეს მათი ხარჯებიც იქნება ანაზღაურებული. არც ერთი მგზავრი არ დარჩება უყურადღებოდ“,- განაცხადა „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ.