„ჯორჯიან ეარვეისი“ - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ „მირის“ მეშვეობით დღემდე არც ერთი ბილეთი არ გაუყიდია
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადასახადო ბარათი „მირ“-ის მეშვეობით დღემდე არც ერთი ბილეთი არ გაუყიდია.
„გუშინ და დღეს „ჯორჯიან ეარვეისთან“ დაკავშირებით ატეხილია ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომელსაც სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ბატონმა ნიკანორ მელიამ. გვინდა, ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადასახადო ბარათი „მირის“ მეშვეობით დღემდე არც ერთი ბილეთი არ გაუყიდია.
აქვე, განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ დადებული აქვს ხელშეკრულება ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ უკრაინულ კომპანია WebSky.net-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა.
მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემებით Visa და Mastercard-ით და აგრეთვე, „მირის“ მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია „საქართველოს ბანკთან“. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა „მირის“ მეშვეობით განხორციელდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ავიაკომპანიის ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია უკრაინულ კომპანიაზე, რომელიც თავისი ნებით ახორციელებს „მირის“ საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.
„რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში“, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.