„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბილეთების გაყიდვა 13:00 საათიდან დაიწყება და ბილეთის ფასი 295 ევროდან იქნება.
„პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დიუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დიუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“ – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციაში.