ჯორჯია მელონი - ევროპარლამენტის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ორ ევროპას შორის
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნები იქნება „რეფერენდუმი ორ ევროპას შორის“.
ამის შესახებ მან რომში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა.
„ერთი მხრივ, ეს არის იდეოლოგიური, ცენტრალიზებული, ნიჰილისტური და სულ უფრო ტექნოკრატიული ევროპა. მეორე მხრივ კი, ესაა თამამი და ამაყი ევროპა, რომელიც არ ივიწყებს საკუთარ ფესვებს, რადგანაც ეს ფესვები განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ და გვეხმარება ორიენტირებაში“, – განაცხადა იტალიის მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ევროპარლამენტში უმრავლესობაში მოვიდნენ ცენტრისტული და მემარჯვენე პოლიტიკური პარტიები.
„ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ბრიუსელში ის, რაც რომში გავაკეთეთ წელიწად-ნახევრის წინ – შევქმნათ მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა და გავაგზავნოთ ოპოზიციაში მემარცხენეები, წითლები, მწვანეები და ყვითლები, რომლებმაც ბოლო წლებში ძალიან ბევრი ზიანი მოუტანეს ჩვენს კონტინენტს“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
ჯორჯია მელონი მემარჯვენე პარტიის, „იტალიის ძმების“ წევრია. პარტია ევროპარლამენტში „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაშია.
ცნობისთვის, ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერმა, მარინ ლე პენმა ჯორჯია მელონის გაერთიანება უკვე შესთავაზა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართება.