ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ატლანტაში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში აქციები გაიმართა
ატლანტაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „სიენენის“ შენობის კარის შემტვრევა სცადეს და პოლიციის მანქანა დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, დემონსტრანტები სხვადასხვა საგნებს ისროდნენ სამართალდამცველების მისამართით, რომლებიც „სიენენის“ შენობაში იმყოფებოდნენ.
პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში, თეთრ სახლთანაც. დემონსტრაციის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები.
„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონში, სადაც სამართალდამცველებმა 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
46 წლის ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება.