ჯონდი ბაღათურია - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პოლიტიკურად აქტიური პირები რომელი უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან და რა მიზნობრიობით იღებენ ფინანსებს, ამაზე პრეტენზია რატომ უნდა ჰქონდეთ?
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინიმუმ, ქართული საზოგადოების ინფორმირება, პოლიტიკურად აქტიური პირები რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან და როგორ ხარჯავენ ამ ფულს, – ამის შესახებ „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ყოფილმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დრომ და კონტექსტმა გვაჩვენა, რომ გამოწვევები გაიზარდა. დღეს, როდესაც საქართველო ამხელა სუვერენიტეტს ავლენს, რომელიც, სხვათა შორის, ვერ გამოავლინა გერმანიამ და ცდილობს, ომი აიცილოს თავიდან, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მინიმუმ, ქართული საზოგადოების ინფორმირება, პოლიტიკურად აქტიური პირები რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან და როგორ ხარჯავენ ამ ფულს“, – აღნიშნა ბაღათურიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ამის გარანტი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტებიდან რომელიმე, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ამ კანონპროექტებში მეტი არაფერი წერია.
„რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტებში მეტი არაფერი არ წერია. ეს არის ამ კანონპროექტის სუსტი მხარე. არის ორი კანონპროექტი. ერთი ის, რაც „ხალხის ძალამ“ მოამზადა, რომელიც უფრო სუსტია. ღირს ამ კანონპროექტის მხარდაჭერაც, მაგრამ ის უფრო რბილია. შედარებით უფრო კარგია ამერიკული კანონი და მე ვემხრობი ამერიკული კანონის მიღებას, თუმცა არცერთ შემთხვევაში მიზნობრიობის დასაბუთებასაც კი არ არის მოთხოვნილი“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი კონფლიქტები, როდესაც დიდი ნაწილი დაინტერესებულია, საქართველო იყოს მხარე, ანუ უსაფრთხოების გამოწვევები ძალიან არის გაზრდილი.
„შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პოლიტიკურად აქტიური პირები, რომლებიც პოლიტიკაზე დომინირებენ, საიდან, რომელი უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან და რა მიზნობრიობით იღებენ ფინანსებს. ამაზე პრეტენზია რატომ უნდა ჰქონდეთ?“ – განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ქართულ საკანონმდებლო ბაზაში არის შავი ხვრელი, რომლის ნაწილობრივ ამოვსებასაც ახლა ეს კანონი ცდილობს.
„მე შემიძლია, რამდენიმე პირი დაგისახელოთ სახელით და გვარით, ძალიან ცნობადი სახეები, რომლებიც უცხო ქვეყნიდან იღებენ ხელფასს და მერე გადაწყვიტეს პოლიტიკაში მოსვლა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლა მაინცდამაინც პარტიაში ყოფნას არ ნიშნავს. ზოგი, მაგალითად, „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა კენჭს და ხელფასს უცხო ქვეყნიდან იღებდა. ეს არის ჩვენი საკანონმდებლო ბაზის შავი ხვრელი, რომლის ნაწილობრივ ამოვსებასაც ახლა ეს კანონი ცდილობს“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად შეცვლის დამოკიდებულებას კანონპროექტიდან დეფინიცია „აგენტის“ ამოღება, რაც თავისთავად საგანგაშო არ არის, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნეგატიურად აღიქმება, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ რიგი ორგანიზაციების იმიჯი ფსკერზე უფრო ქვევით არის, სადაც თავად ჩაიყვანეს თავიანთი იმიჯი.
„მაგათ იმიჯს ეს გააფუჭებს? მაგათი იმიჯის მიმართ ვერ ვხედავ პრობლემას. ასე ფსკერზე უფრო ქვევით, სადაც თვითონ ჩაიყვანეს იმიჯი და თავი შეირცხვინეს, კიდევ რა უნდა იყოს? მაგალითად, გუშინწინდელი საქციელი. მე ვთქვი, კი ბატონო, თუ აგენტშია პრობლემა, შევცვალოთ და ვთქვათ უცხო ქვეყნის გავლენის სუბიექტი-თქო, ან ეროვნული გმირი იყოს, მაგრამ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ეს ორგანიზაცია ფინანსდება, მაგალითად, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. სხვათა შორის, ვიცი ადამიანები, რომლებიც რუსული ფონდებიდან იღებდნენ ხელფასს და კენჭს იყრიდნენ არჩევნებში. ეს ნორმალურია? ეს კანონი ამბობს შემდეგს – მინიმუმ, ამ ადამიანმა გამოაქვეყნოს, რომ ის ფინანსდება საფრანგეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, „სოროსის ფინდიდან“ და ა.შ. ამაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ბაღათურიამ.
ამასთან, ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ, სინამდვილეში, ადგილი აქვს საქართველოში არსებულ სოციალურ ფონზე საკმაოდ მდიდარი და პრივილეგირებული, უცხოეთიდან დაფინანსებული რამდენიმე ასეული ადამიანის ამბოხს.
„მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიღაც საკანონმდებლო ფრაქციამ გაბედა და განაცხადა, ამ პრივილეგირებულმა ორასმა-სამასმა კაცმა, რომლებსაც მილიონები აქვთ დაფინანსება, უბრალოდ გამოაქვეყნეთ, რომ ამა თუ იმ ფონდიდან ფინანსდებითო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.