ჯონდი ბაღათურია - სააკაშვილი არის სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსი, იცის, რომ არ აქვს ნდობა და სიძულვილით ცდილობს ფონს გასვლას
სააკაშვილი არის სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსი, იცის, რომ არ აქვს ნდობა და მისთვის აზრი არ აქვს საარჩევნო პროგრამების წარდგენას. შესაბამისად, ის სიძულვილით ცდილობს ფონს გასვლას, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
ბაღათურიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანი პოლარიზაციაა.
„მან ნახა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს სრულიად აკმაყოფილებს სააკაშვილის ან ბიძინა ივანიშვილის ჯინაზე ცხოვრება და მისი მთავარი აქცენტი და მიზანი არის, რაღაცნაირად მოახდინოს პოლარიზაცია, ანუ ამომრჩევლის რადიკალიზაცია, ივანიშვილის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, შუას გაკრეფვა. შესაბამისად, მისი განცხადება იყო სააკაშვილის და „ქართული ოცნების“ერთობლივი სტრატეგიის სუფთა ლუსტრაცია, რის მიხედვითაც, ისინი ცდილობენ, დანარჩენი პარტიები გაიყვანონ ამომრჩევლის მხედველობის არიდან და მოახდინონ პროცესების რადიკალიზაცია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან უკვე „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველში სრულიად გაკოტრებულია სააკაშვილი და მას აღარ აქვს პერსპექტივა 8, 9, შესაძლოა, ვინმე დაეხმაროს და 10-12 პროცენტზე მეტი ხმების აღების. ძალიან დიდი პერსპექტივა ჩანს, რომ დღეს ახალი პოლიტიკური ძალები საკმაოდ წარმატებულად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მანდატებით და ვიქონიებთ ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა ბაღათურიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართავს.
სააკაშვილის თქმით, თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინაიდან ერთიანი სია არ შედგა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.
გარდა ამისა, სააკაშვილის განმარტებით, სასურველია, ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, „წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისკენ“.