ჯონდი ბაღათურია - „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად შეარჩია ფორმატი, რომლითაც ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპოზიციონერის სტატუსი შეუნარჩუნოს
„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ და ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა.
ჯონდი ბაღათურია, რომელიც ამ შეხვედრაში არ მონაწილეობს, აცხადებს, რომ დიალოგის მონაწილე სუბიექტები „ქართულმა ოცნებამ“ შეარჩია.
„დიალოგში მონაწილე სუბიექტები შეარჩია „ქართულმა ოცნებამ“. მას ჰაერზე უფრო მეტად სჭირდება მასზე უფრო მეტად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სახის შენარჩუნება და მისი შენარჩუნება მთავარი ოპონენტის სახით, რადგან მთავარი თავშესაფარი „ქართული ოცნებისთვის“ არის საზოგადოების ზიზღი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და საზოგადოების შიში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს. შესაბამისად, ეს ორი უკიდურესობა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ და ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციური მოკავშირეები არიან.
„ორთავეს აქვთ ველური შიში, რომ არ შეიქმნას ალტერნატივა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.
აქ მნიშვნელოვანი არ არის მე ვენდობი თუ არა იქ მონაწილე სუბიექტებს, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად შეარჩია ფორმატი, რომლის მიხედვითაც ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუნარჩუნოს სახე, არა ის ნამდვილი სახე, არამედ შელამაზებული და როგორმე შეუნარჩუნოს მთავარი ოპონენტის, მთავარი ოპოზიციონერის სტატუსი, რადგან ვიმეორებ, მას ჰაერივით სჭირდება მასზე უფრო გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნება მთავარ ოპონენტად, რადგან დღეს მთავარი მოკავშირე „ქართული ოცნებისა“ არის ქართული საზოგადოების ზიზღი და შიში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მიმართ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველ არხთან.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, დიპლომატების მონაწილეობით, სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.