ჯონდი ბაღათურია - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საზოგადოებრივი აქციის ორგანიზება არ მიმაჩნია ეფექტურად
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას არ შეუერთდება.
როგორც ჯონდი ბაღათურია განმარტავს, მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საზოგადოებრივი და მასიური აქციის ორგანიზება არ მიაჩნია ეფექტურად. ამასთან აღნიშნავს, რომ საჭიროა შეიქმნას ფორმატი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს საზოგადოების კონსოლიდაციას.
„საშიში საქციელი ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ და ამას პასუხი უნდა. ამის პასუხია საზოგადოების კონსოლიდაცია და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. არ მიმაჩნია ეფექტურად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რაიმე საზოგადოებრივი და მასიური აქციის ორგანიზება. რადგან საზოგადოებას ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებები და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაქვს კარგი გამოცდილება ბრძოლის და ოპონირების. „ნაციონალები“ აუცილებლად შემოიტანენ განხეთქილებას ერთობაში. დღეს ჯობია ტრადიციული ღირებულების მქონე პოლიტიკური ძალების შეკრება მოხდეს, ფორმატი შეიქმნას და ამ ფორმატმა გაუწიოს ორგანიზება საზოგადოების კონსოლიდაციას. მე ძალიან გამიჭირდება „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ეს არ იქნება ეფექტური. მე აქციას დღეს არ შევუერთდები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.