მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა ინტერესი პარტიის მიმართ, რადგან გაიაზრა, რომ იქ ყველაფერი მკვდარია და ახლა მისი მთავარი ინტერესია, თავისი ტყავი გადაირჩინოს, – ამის შესახებ „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ბაღათურიამ უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რატომ დაარღვია დუმილი მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, რადგან სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ „შპიგელში“.
„სააკაშვილმა საბოლოოდ გაიაზრა აბსოლუტური კრახი და დამარცხება. მან დაკარგა ინტერესი პარტიის მიღმა. რადგან მიხვდა, იქ ყველაფერი მკვდარია. ახლა მისი მთავარი ინტერესია, როგორმე თავისი ტყავი გადაირჩინოს და იმიჯიც გადაირჩინოს. რომ ამბობს, შემომიტყუესო, კი, მართლაც შემოიტყუეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს ივანიშვილის კლანჭებში ჩაეგდო ან რაღაც ვითომ პუტინის პატიმარი გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ნიკა გვარამია და ასეთი ადამიანები კვებავდნენ ილუზიით, რომ მას რაღაც გავლენები აქვს, რათა ფული ეხარჯა. მას ადეკვატური ინფორმაცია თუ ექნებოდა, რომ აბსოლუტურად არის გაკოტრებული, უბრალოდ, ასეთ სლენგს ვიხმარ, დააპაუზებდა და ფულის ხარჯვას შეწყვეტდა, რაც გვარამიას და ამ ბრბოს ინტერესებში არ შედიოდა. ამ თვალსაზრისით, ის ნამდვილად შეიყვანეს შეცდომაში“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას შეიძლება, ნიშნავდეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ის ნანობს გირგვლიანის საქმის შემდეგ მერაბიშვილის თანამდებობაზე დატოვებას, ეს გულწრფელი წუხილია თუ პოლიტიკური სტრატეგია, თუნდაც, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ გირგვლიანის საქმის შემდეგ მერაბიშვილი თანამდებობაზე 2012 წლამდე დარჩა, შემდეგ კი 25 ოქტომბრამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ეს არის სააკაშვილის მხრიდან ხელის შეწმენდის პოლიტიკა და სხვა არაფერი.
„გირგვლიანის ხსენება არის ვანოს მხარეს ტალახის სროლა. სააკაშვილის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ მას საკუთარი ცოდვების და ჩადენილი ბოროტების სინანული არ გააჩნია. ის ნანობს რაღაცას მხოლოდ იმ ნაწილში, რომ იმ მომენტში სარგებელი ვერ მიიღო მერაბიშვილის გათავისუფლებით, რაც მართლაც შეეძლო. დანაშაულს სჩადიან და მათ შორის, პოლიციელებიც სჩადიან, მაგრამ სახელმწიფო ემიჯნება დანაშაულს იმით, რომ დამნაშავეებს აპატიმრებს და ამით სახელმწიფო არ ხდება დანაშაულის თანამონაწილე, მიშამ კი შექმნა ეს ბანდა, ძმაბიჭური ურთიერთობებით და გადაეფარა მერაბიშვილს. ამიტომ მიშა თანამონაწილე გახდა ამ მკვლელობის. მკვლელობა არც ვანოს დაუგეგმავს, ჩვენც ხომ ვიცით? არც მერაბიშვილს არ უნდოდა ეს. სხვათა შორის, მე მას პარლამენტის სხდომაზე ვუთხარი, შენ შეიძლება, ყველაზე ნაკლებად გინდოდა ეს-თქო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მკვლელებს ვანო გადაეფარა, ის თანამონაწილე გახდა. მერე ვანოსთან ერთად მიშაც გადაეფარა მკვლელებს და ისიც თანამონაწილე გახდა. მკვლელობის შემდეგ ყველა მკვლელი გავიდა თამაშიდან და ამ მკვლელობის, და არა მარტო ამ მკვლელობის, მთავარი აქტორები იყვნენ ვანო და მიშა ერთად“, – განაცხადა ბაღათურიამ.
„ქართული დასის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი უამრავ დანაშაულში ერთად იყვნენ ჩართული და ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებები სწორედ ამიტომ არ მისცეს.
„მერაბიშვილის განცხადება გამახსენდა, რომ ჩვენება არ მიუცია სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს იმიტომ კი არა, რომ ვანო უფრო კარგი ბიჭია და უფრო კარგი ვაჟკაცი, არამედ იმიტომ, დოსტოევსკის რომ აქვს, თუ გინდა, რამდენიმე ადამიანი გააერთიანო, დანაშაულში უნდა გასვარო. ამათ, ერთსაც და მეორესაც და მთელ მათ ბანდას იმდენი სისხლი აქვთ დაღვრილი და იმდენ სისხლში აქვთ ხელები და ცხვირ-პირი მოთხვრილი, რომ, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ვანო თუ მისცემდა ჩვენებას ერთ რამეზე, მაგალითად, ხელისუფლებას კორუფციის მომენტი უფრო აინტერესებდა, მაშინ მიშაც მისცემდა ჩვენებას მის წინააღმდეგ, მაშინ კი მიშა არ იყო დაკავებული, ეს რომ სამარტოო საკანში იჯდა. ასე რომ, მიშას თავისუფლად შეეძლო, ისეთი „ნაკოლები“ მიეცა ხელისუფლებისთვის ვანოს წინააღმდეგ, რომ ხელისუფლება მერაბიშვილს ბრალს დაუმძიმებდა. ეს იქნებოდა ძალიან მძიმე და დაუსრულებელი პროცესი მთლიანად ამ ბრბოს შიგნით. ამიტომ ეს ჩვეულებრივი ჭკუის ამბავია, რომ, როცა ერთმანეთთან ერთი და იმავე დანაშაულით არიან გადანასკვული, ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებები არ უნდა მიეცათ“, – განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, ყველა, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ომშია ჩართული, დაინტერესებული იყო, რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოც ჩართულიყო, რადგან რუსეთის საზღვრებზე რაც მეტი ცხელი წერტილი შეიქმნება, თან ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში, ეს რუსეთის სამხედრო თუ ეკონომიკური პოტენციალის გაბნევას გამოიწვევს, ხოლო თუ სააკაშვილი აქ სიტუაციას აურევდა, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ომში ჩართვის შანსებს გაზრდიდა, მაგრამ გაუგებარია, რატომ უნდა დაეგეგმა რუსეთს არეულობა საქართველოში.
„სააკაშვილს არ აქვს ნამუსი, არ აქვს ღირსება და არ აქვს პატრიოტიზმი, მას სძულს თავისი სამშობლო და ნამდვილად თავისუფლად შეიძლებოდა, გამოეწვია ომი რუსეთთან და დღეს თბილისი მიწასთან იქნებოდა გასწორებული, როგორც მთელი უკრაინაა ახლა მიწასთან გასწორებული. ამას ცდილობდა სააკაშვილი, მაგრამ პრიმიტიულია, ეს რუსებს დავაბრალოთ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.