ჯონდი ბაღათურია - ირაკლი შოთაძე ყველაზე ეფექტური პროკურორი იყო, ყველაზე ნაკლებად გაუწია ანგარიში პოლიტიკურ დღის წესრიგს
ირაკლი შოთაძე მოქმედი ხელისუფლების ყველაზე ეფექტური პროკურორი იყო, ყველაზე მეტი საქმე აღძრა, ყველაზე მეტი გაბედა და ყველაზე ნაკლებად გაუწია ანგარიში პოლიტიკურ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენისას განაცხადა.
ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ პირადად მას არ აქვს ნეგატიური განწყობა, თუ გენერალურ პროკურორად შოთაძე ხელახლა დაინიშნება.
„ბატონო ირაკლი, ივანიშვილის მთავრობის ყველაზე ეფექტური პროკურორი ბრძანდებით, ყველაზე მეტი საქმე აღძარით, ყველაზე მეტი გაბედეთ და ყველაზე ნაკლებად გაუწიეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ანგარიში. შესაბამისად, მე სულ არ მაქვს ნეგატიური განწყობა თქვენი ხელახლა დანიშვნის მიმართ. პირიქით, მაქვს რაღაც პოზიტიური მოლოდინი“, – მიმართა ჯონდი ბაღათურიამ ირაკლი შოთაძეს.
ამასთან, ჯონდი ბაღათურიამ ირაკლი შოთაძეს სამი საქმის შესახებ ჰკითხა, ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს.
„ჩემ მიერ გამოგზავნილ საქმეში არის 186 გვერდი, სადაც პირდაპირ საჯარო რეესტრის ამონაწერებით არის მითითებული მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების უკანონო, დაუსაბუთებელი ქონება. ამ საქმეზე ძიება რომ დაწყებულიყო, მაშინ „პიჯაკების საქმე“ არ იქნებოდა, მაშინ იქნებოდა უფრო მძიმე და სერიოზული ბრალდებები. ნახევრად გამოძიებული საქმეა გადმოცემული. იქ არის მითითებული მუხლები, რომლებიც დაარღვია ყოფილამ პრეზიდენტმა, საკმაოდ მძიმე მუხლებია მითითებული. საჯარო მოხელეებს, თანამდებობის პირებს კანონი უკრძალავს 500-ლარიანზე მეტი საჩუქრის აღებას, მანდ პირდაპირ ტრანზაქციაა, რომ სააკაშვილმა საჩუქარი მიიღო მილიონ ასი ათასი ლარი. მისი ოჯახის, მისი მეუღლის და დედის დარეგისტრირებულმა შპს-მ საჩუქრად მიიღო ორი ტრანზაქცია, ერთი 450 ათასი, მეორე 650 ათასი. ეს ტრანზაქციები, როგორც შემოსავალი, ქონებრივ დეკლარაციაში შეტანილი არ ჰქონდა. გარდა ამის,ა მისი ქონება, რაც მის სახელზეა გაფორმებული, არის დაუსაბუთებელი, ანუ მისი ქონება არის ორჯერ მეტი, ვიდრე მის მიერ აღწერილი შემოსავლები. პროფესიონალი ბრძანდებით, ყველაზე მწვავედ ვინც გაკრიტიკებთ, იმასაც კი არ უთქვამს, რომ პროფესიონალიზმზე აქვს პრეტენზია. ამიტომ პროფესიონალ ადამიანს გეკითხებით, აპირებთ თუ არა, რომ ეს საქმე მოიკითხოთ“, – მიმართა კითხვით ჯონდი ბაღათურიამ ირაკლი შოთაძე.
„ქართული დასის“ ლიდერმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს კიდევ ორ საქმეზე დაუსვა შეკითხვა, სადაც მოქალაქეთა მიმართ ქონების იძულებით დათმობაზე იყო საუბარი.