რუსეთში აშშ-ის ელჩი - რუსეთსა და აშშ-ს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სრული რღვევა არასოდეს იქნება
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორ უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში უკრაინის საკითხებს უკავშირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი ცდილობდა, გაერკვია, შეეძლო თუ არა გერმანიისა და საფრანგეთის ქმედებებისთვის რაიმეს დამატება და მინსკის შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესის მიღწევა.
„მეჩვენება, რომ სიტუაცია მართლაც შეიცვალა პირველი ნოემბრის შემდეგ. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსის მოგზაურობის შემდეგ, როდესაც აშშ-ის მთავრობამ დაიწყო ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების გაფრთხილება“, – თქვა სალივანმა.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები, რომლებსაც რუსეთისა და სხვა მხარეების შეშფოთება უნდა გაეთვალისწინებინა, „ქაღალდის ფურცლების გაცვლას და თეზისების წაკითხვას“ არ გასცდენია.
ჯონ სალივანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ის შორის სრული რღვევა არასოდეს იქნება.