ჯონ მაკკეინის ვაჟი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატს მისცემს ხმას
გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის შვილმა მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპი არლინგტონის სასაფლაოზე ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტის გარშემო აგორებული სკანდალის გამო.
ჯიმ მაკკეინი, რომელიც აშშ-ის ეროვნულ გვარდიაში მსახურობს, აცხადებს, რომ ტრამპის ქცევა არლინგტონის სასაფლაოზე გარდაცვლილი სამხედროების მიმართ უპატივცემლობა იყო. მისივე თქმით, ტრამპმა, „წმინდა ადგილი“ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
„სიენენთან“ საუბარში ჯიმ მაკკეინმა განაცხადა, რომ ტრამპის საქციელის გამო ის აპირებს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს მისცეს.
საქმე ეხება 26 აგვისტოს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტს. როგორც „გარდიანი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასაფლაოზე მივიდა, რათა პატივი მიეგო 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკული ძალების გაყვანის დროს მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაღუპული 13 სამხედროს ხსოვნისთვის. როგორც მედია წერს, ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრები არ დაემორჩილნენ სასაფლაოს თანამშრომლის მოთხოვნას, რომელიც ცდილობდა, აღესრულებინა ფედერალური რეგულაცია, რის მიხედვითაც, სასაფლაოს იმ ნაწილში, სადაც ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალულები, ფოტო და ვიდეოგადაღება იკრძალება.
გავრცელებული ცნობით, ტრამპის საარჩევნო შტაბის ორმა წევრმა სასაფლაოს თანამშრომელი „უხეშად გაწია განზე“. გავრცელებული ცნობით, ამ ინციდენტმა ავღანეთში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
მოგვიანებით, ტრამპმა სოციალურ ქსელში უარყო რაიმე სახის დაპირისპირება არლინგტონის სასაფლაოზე და თქვა, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ დემოკრატების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.