ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს მოსკოვში, დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება წერილობით გადასცა
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს 7 მარტს, 11:15 საათზე გადასცა წერილობითი გაფრთხილება მოსკოვში, დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.
მისივე თქმით, წერილობითის გარდა, აშშ-მა რუსეთის ხელისუფლება ბევრჯერ გააფრთხილა მოსკოვში კონცერტებსა და დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.
„პროცედურების დაცვით და დადგენილი არხებით, რომლებიც ადრეც არაერთხელ გამოგვიყენებია, წერილობითი გაფრთხილება გადავეცით რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ამასთან, ჯონ კირბიმ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას, რომ იპოვეს მტკიცებულება „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაში „უკრაინელი ნაციონალისტების“ მონაწილეობის შესახებ, „სისულელე“ და „პროპაგანდა“ უწოდა.
„ცხადია, მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოა“ პასუხისმგებელი გასულ კვირას მოსკოვში მომხდარ საზარელ თავდასხმაზე. სინამდვილეში, აშშ ცდილობდა ამ ტერორისტული თავდასხმის თავიდან აცილებას და კრემლმა ეს იცის“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
„კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში ტერაქტი 22 მარტს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 143 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთში განაცხადეს, რომ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი უშუალო შემსრულებელია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვეს.
ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-მა მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ მონაცემები რუსეთს სრულად არ გადასცა, რადგან საკუთარი წყაროს გამჟღავნებას მოერიდა. „ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მტრულმა ურთიერთობებმა არ მისცა საშუალება აშშ-ს, მოსკოვისთვის მიეწოდებინა ტერაქტის შესახებ რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია, გარდა იმ ცნობებისა, რომელთა გაზიარებაც საჭირო იყო. ეს იმ საფრთხის გათვალისწინებით მოხდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო, ამოეცნო წყაროები ან დაზვერვის მეთოდები“, – წერს გამოცემა.