ჯონ კირბი - ვაშინგტონი ვერ ხედავს უკრაინის სამხედრო დახმარებისადმი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს
თეთრი სახლი „სიენენის” მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება, რომელის თანახმადაც, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას. ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს უკრაინის სამხედრო დახმარებისადმი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს.
კირბის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს ვაშინგტონმა დაინახა „ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერა კონგრესისადმი, რათა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა“.
„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბრძოლა ნატო-ს მრავალი მოკავშირის კართან მიმდინარეობს”, – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
კირბიმ ასევე განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისთვისაც.
„თუ ზოგიერთი ამერიკელი არ თვლის ასე, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ უმოქმედოდ ვიქნებით და მივცემთ პუტინს ნებას, აიღოს უკრაინა, მაშინ სად იქნება შემდეგი გაჩერება?” – თქვა კირბიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას „სიენენმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამერიკელთა 55% თვლის, რომ კონგრესმა არ უნდა უზრუნველყოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო 51% ამბობს, რომ აშშ-მა უკვე საკმარისი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად.