ჯონ კირბი - უკრაინელ კოლეგებთან ვმუშაობთ, რათა უკეთ გავიგოთ, რა სტრატეგია აქვთ კურსკში
აშშ აგრძელებს უკრაინის მთავრობასთან კომუნიკაციას იმის გასაგებად, თუ რა მიზანს ისახავს კურსკში მიმდინარე სავარაუდო ოპერაცია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმას” განუცხადა.
კირბის თქმით, სწორედ უკრაინის მხარემ უნდა ისაუბროს საკუთარ ქმედებებზე.
„ჩვენ კავშირი გვაქვს უკრაინელ კოლეგებთან და ვმუშაობთ, რათა უკეთ გავიგოთ, რას აკეთებენ, რა მიზნები აქვთ, რა არის მათი სტრატეგია“, – თქვა კირბიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მდგომარეობა იყო კურსკის ბრძოლის ველზე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის თავს შეიკავებს ამაზე პასუხისგან, თუმცა კონტაქტზე არიან უკრაინელ კოლეგებთან. კირბიმ აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ დაურღვევიათ აშშ-ის შეზღუდვა ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.