ჯონ კირბი - ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ოლაფ შოლცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინეთმა რუსეთს, შესაძლოა, ლეტალური იარაღი მიაწოდოს
აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჩინეთმა რუსეთს, შესაძლოა, ლეტალური იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჯონ კირბის თქმით, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, ჩინეთმა ყურადღება გაამახვილოს რუსეთის დარწმუნებაზე, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რადგან შეჭრა, პირველ რიგში, უკანონოა.
კირბის განმარტებით, გერმანიის კანცლერის აშშ-ში ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერისას კოორდინირებულ მოქმედებას უკავშირდება. ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დასავლელი მოკავშირეები რჩებიან „ძლიერი, გადამწყვეტი და ერთიანი.“
„ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა უკრაინას მივცეთ ის მხარდაჭერა, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეები დარჩებიან ერთიანები. ორივე ლიდერი იზიარებს უკრაინელების სურვილს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. მშვიდობისკენ, რომელიც ამტკიცებს უკრაინის სუვერენიტეტს და იცავს მის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.