აშშ ისრაელს აფრთხილებს, რომ ლიბანთან სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია „მათ საუკეთესო ინტერესებში არ შედის“
ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს აფრთხილებს, რომ ლიბანთან სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია „მათ საუკეთესო ინტერესებში არ შედის“.
ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ abc-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პირდაპირ ვეუბნებით ჩვენს კოლეგებს ისრაელიდან, რომ, ჩვენი აზრით, ამ სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია მათ საუკეთესო ინტერესებში არ შედის. ეს არ შედის არც იმ ადამიანების საუკეთესო ინტერესებში, რომლებიც, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სურს, რომ სახლში დააბრუნოს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ამასთან, როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა ინტერვიუში აღნიშნა, ისევ არსებობს საშუალება, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
„ვაღიარებთ, რომ დაძაბულობა ახლა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს სულ რამდენიმე დღის წინ იყო. ეს ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა. ჩვენს საგარეო პოლიტიკაში ახლა ორიენტირებული ვართ იმის უზრუნველყოფაზე, რომ კონფლიქტი არ გაფართოვდეს და არ გაღრმავდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნას. ასევე, ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელ რეგიონში, რათა დავინახოთ, შევძლებთ თუ არა, თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის ესკალაცია“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ.