ჯონ კირბი - ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მიმდინარე დისკუსიებს ჯერ არ მიუღწევია მოლაპარაკების დონემდე
ღაზაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მიმდინარე დისკუსიებს ჯერ არ მიუღწევია მოლაპარაკებების დონემდე,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ეს არის მიმდინარე დისკუსიები, ამ ეტაპზე მათ მოლაპარაკებებს ვერც კი ვუწოდებ“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, აშშ დაუჭერს მხარს საბრძოლო მოქმედებების უფრო ხანგრძლივ შეწყვეტას, ვიდრე გასულ წელს შეთანხმებულ ერთკვირიან პაუზას, ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ.
„ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვიყვანოთ ყველა მძევალი და მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიტანოთ, ჩვენ აბსოლუტურად მხარს დავუჭერთ უფრო ხანგრძლივ ჰუმანიტარულ პაუზას, ვიდრე ეს გასულ წელს შევძელით“, – აღნიშნა კირბიმ.
ამასთან, კირბის განცხადებით, ბრეტ მაკგურკი, თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის კოორდინატორი, კაიროში იმყოფება, რათა გააგრძელოს დისკუსიები მძევლების გათავისუფლების შესახებ პოტენციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით.