ჯონ კირბი - აშშ თუ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს და პუტინი უკრაინას მიიღებს, ამერიკელებს საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით მოუწევთ
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს და პუტინი უკრაინას მიიღებს, ამერიკელებს ამის საფასურის გადახდა საკუთარი სისხლით მოუწევთ.
როგორც ჯონ კირბიმ პრესბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის ომში გამარჯვებისთვის მისი მხარდაჭერა აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ნატო-ს ზღურბლზე აღმოჩნდება და, შესაძლოა, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება გახდეს საჭირო.
„ჩვენ მიერ უკრაინისთვის ზურგის შექცევა ვლადიმერ პუტინისთვის დიდი საჩუქარი იქნებოდა. მას ამის იმედი აქვს. მას მოვლენების ამგვარი განვითარების იმედი ამ ომის დაწყებიდანვე ჰქონდა, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი შეძლებდა ერთიანობის შენარჩუნებას. არ სჯეროდა, რომ ნატო შეძლებდა, დარჩენილიყო ერთიანი. არ სჯეროდა, რომ აშშ შეძლებდა გაძლებას… თუკი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება გადარდებთ, თქვენ უნდა დაინახოთ ბატონი პუტინი, როგორიც არის, უნდა დაინახოთ რუსეთი, როგორიც არის და გააცნობიეროთ, რომ უკრაინის დახმარება – და ისინი არ ითხოვენ სამხედროების ადგილზე გაგზავნას – მათი დახმარება, გაიმარჯვონ ამ ომში არის ჩვენი საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი და ევროპაში ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი. თუ ის უკრაინას მიიღებს, ის პირდაპირ ნატო-ს ზღურბლზე აღმოჩნდება. და როგორც ადრე ვთქვი, თუკი ფიქრობთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ახლა ძვირი ჯდება, იფიქრეთ, რამდენად ძვირი დაუჯდება ის ეროვნულ ხაზინას და რამდენი ამერიკელის სისხლის ფასად დაჯდება, თუკი ჩვენ მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად მოქმედების დაწყება მოგვიწევს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.