ჯონ კირბი - აშშ მზად არის, ირანის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი დაიცვას
აშშ მზად არის, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში დაიცვას ისრაელი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბიმ ისრაელის ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რთულია თავდასხმის ალბათობის პროგნოზირება, თუმცა თეთრი სახლი სერიოზულად აღიქვამს ირანის რიტორიკას.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს“, – აღნიშნა კირბიმ.
მისივე თქმით, ირანის მიმართ აშშ-ის გზავნილები თანმიმდევრულია და მომავალშიც ასე იქნება.
„პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. არ არსებობს მიზეზი ესკალაციისთვის. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი; ხოლო მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით, დავიცვათ ისრაელი, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა კირბიმ.