ჯონ კირბი - აშშ მუშაობს უკრაინასთან, რათა მოემზადოს რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის
აშშ მუშაობს უკრაინასთან, რათა მოემზადოს რუსეთის მოსალოდნელი ზამთრის თავდასხმისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, აშშ მუშაობს უკრაინისთვის, მათ შორის, აღჭურვილობისა და საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად, რათა მოსახლეობა ელექტროენერგიით იყოს უზრუნველყოფილი.
„მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, რათა მომზადებული ვყოფილიყავით ამ საგანგებო სიტუაციისთვის. როგორც გახსოვთ, ეს იყო განხილვის მთავარი თემა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია თეთრ სახლს სექტემბერში. ამ ზამთრამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ეროვნული უსაფრთხოების სკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაავალეს შეერთებული შტატების მთავრობას, ისევე როგორც შარშან, წელსაც პრიორიტეტი მიენიჭებინათ ამ ძალისხმევისთვის“, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის განცხადებით, აშშ რუსეთისგან ელის, რომ ზამთარში ისინი შეეცდებიან, გაანადგურონ უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.